საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ეგიდით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მრავალი წელია ფუნქციონირებს საუნივერსიტეტო დებატების კლუბი, რომელშიც გაწევრიანებული არიან უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის და საფეხურის სტუდენტები.
ფორმატი
ილიაუნის დებატების კლუბში ისწავლება ფორმალური დებატები კარლ-პოპერის სახელობის დებატები ღირებულებითი და პოლიტიკური ელემენტებით. ასევე საპარლამენტო დებატები ბრიტანული და ამერიკული ფორმატით. დებატების კლუბის წევრები მონაწილეობას იღებენ რესპუბლიკურ და საერთაშორისო დებატების ტურნირებში.
ისტორია
ილიაუნის დებატების კლუბის წევრებმა დაარსებისთანავე მოიპოვეს გარკვეული წარმატებები. სტუდენტები 3 ჯერ იმყოფებოდნენ დებატების საერთაშორისო ფორუმზე. ილიაუნის კლუბის წევრები ასევე გახდნენ საქართველოში ჩატარებული დებატების საუნივერსიტეტო ტურნირის გამარჯვებულები და საუკეთესო მოდებატეები.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბის ეგიდით და ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით, იმართება დებატების საქალაქო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას იღებს თბილისის მასშტაბით ყველა სკოლა. ტრენინგის მონაწილე მოსწავლეებისთვის სამუშაო შეხვედრები გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. აგრეთვე, უნივერსიტეტმა პროექტში მონაწილე საუკეთესო მოსწავლეებისათვის დააწესა პრიზი, სასწავლო-შემეცნებითი ბანაკი ილიას უნივერსიტეტის სასწავლო ბაზაზე ყაზბეგში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბში გაწევრიანებული სტუდენტები ეუფლებიან არაფორმალურ განათლებას და აქტიურ მონაწილეობას იღებენ მოსწავლეებთან განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებში.
შემოგვიერთდი
ილიაუნის დებატების კლუბის წევრების შერჩევა ხდება კონკურსის წესით. კლუბის წევრებისთვის მთელი წლის განმავლობაში, შეხვედრებსა და ტრენინგებს ატარებენ „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მაღალკვალიფიციური ტრენერ-კონსულტანტები. კლუბის წევრები მონაწილეობას იღებენ საჯარო დებატებში, ტურნირებში, დისკუსიებში; ესწრებიან შეხვედრებს ექსპერტებთან; ასრულებენ თანამსაჯობის ფუნქცია-მოვალეობებს და ერთვებიან სკოლის მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში.
კურსის გავლის შემდეგ, კლუბის წევრები იღებენ კურსის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს. კლუბის მიზანია: ილიაუნის სტუდენტების მრავალმხრივი განათლების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ საქმიანობაში მათი აქტიური ჩართულობა.